პროკურატურა ხატია დეკანოიძის შვილთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს
პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე
საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, ნასამართლევი არ არის, ასევე, არის 18 წლის და მასზე ვრცელდება "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სამართალდამცველებმა უკრაინის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის შვილი რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა 14 მარტს შეუფარდა.
რაც შეეხება "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მას ბრალი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება, ასევე, წარსულში ნასამართლევია, რის გამოც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას მის მიმართ ვერ მიიღებს.





