imedi
დავით კირვალიძე მთავრობაში დაბრუნებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა

დავით კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის პირველ კომენტარს სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად დანიშვნაზე სააგენტო "ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.
დავით კირვალიძის თქმით, ის უშუალოდ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მრჩეველი იქნება. ის ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე", რომლის გამოც, 2013 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი დატოვა, მოკლე კომენტარს აკეთებს. "ეს უკვე ჩვენი პირადი საქმეა", - აღნიშნა მან.
დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან 2013 წლის მაისში ე.წ. ტრაქტორების საქმის გამო გადადგა. 2013 წლის მაისში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებას ეხებოდა. 2014 წლის თებერვალში, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს, ბრალი მოუხსნა. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა.





