ნინო არღვლიანი
საკონსტიტუციო კომისია საქართველოში ე.წ. მინისტრასბურგის მოდელზე მსჯელობს
პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე
ფოტო: ნინო არღვლიანი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია აგრძელებს მუშაობს სასამართლოსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომლითაც შეძლებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები გადასინჯოს და მისი კონსტიტუციურობა დაადგინოს.
"თუ ძალიან გავამარტივებთ, ეს შეიძლება იყოს მინისტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას დაეხმარება შეამციროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა. ასეთი ვარიანტის დამტკიცების შემთხვევაში, ადგილზე შემოწმდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილები", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
საკითხს გამოეხმაურა "ევროპული საქართველო" წევრი ოთარ კახიძე. მისი თქმით, მინისტრასბურგის თემის განხილვა არასერიოზულია. "ერთადერთი, რაზე შეიძლება მსჯელობა, საკონსტიტუციო სასამართლოს როლის გაზრდაა. მინისტრასბურგის საკითხი არასერიოზულია", - განაცხადა ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს საკასაციო წესი, თუმცა ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელების რაოდენობას არ ამცირებს. "მინისტრასბუგრის შექმნის იდეა პირველად მოვისმინე გვენეტაძისგან და ტურავასგან", - დასძინა "ევროპული საქართველოს" წევრმა.
დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.





