არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა

მესამე სექტორი "ქართული ოცნების" მიერ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტზე განცხადებას ავრცელებს.
"სამართლიანი არჩევნები", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიესალმებიან "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ წინადადებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, თუმცა არ ეთანხმებიან ვერსიას, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მინიჭებას გულისხმობს.
"მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა, გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით ამ მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოები პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტს მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ კომისიის წევრებს, რომ თუ მაინც გადაწყვეტენ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, ეს ცვლილება შევიდეს 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და არა 2018 წლის, რათა გადაწყვეტილება პოლიტიკური დატვირთვისგან თავისუფალი იყოს.
რაც შეეხება ბლოკების გაუქმების ინიციატივას, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალურ ზომას წარმოადგენს და არ არის მიზანშეწონილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, გაითვალისწინონ მათი რეკომენდაცია.





