ნინო ჩაჩანიძე
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ
პოლიტიკა

აქცია საკრებულოსთან
ფოტო: ნინო ჩაჩანიძე
"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეები კვირას, 19 მარტს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ფართომაშტაბიან აქციას გამართავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საღამოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეთა თქმით, შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს ზარალი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდეთ და, ასევე, ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილდნენ, ვერ მოხერხდა. მოლაპარაკებიდან გამოსულები, ასევე, ამბობენ რომ საკრებულოს თავმჯდომარე მათ სრული სიების წარდგენის შემდეგ ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას დაჰპირდა, თუმცა, თანხა, ჯერჯერობით, არ დაუკონკრეტებია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ მოიჯარეთა სრული სიის მიღებისთანავე, მუშაობას დაიწყებენ, განსაზღვრავენ ერთჯერადი დახმარების რაოდენობას და დაზარალებულებს გადაუხდიან.
"სახელმწიფო იჩენს კეთილ ნებას "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულების მიმართ, გამოხატავს თანადგომას და ამისათვის, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, აღმოუჩენს მათ ერთჯერად დახმარებას" - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ორი დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.





