ნანუაშვილი: საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები მოზარდებისთვის სახიფათოა
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ომბუდსმენის თქმით, 9 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნა. გაირკვა, რომ ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებაა.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროა, სასწრაფოდ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივა 2019 წლის 1 სექტემბრამდე შესრულდეს." - აცხადებს უჩა ნანუაშვილი





