დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში დაკავებულთა სასამართლო პროცესები ხვალ გაგრძელდება
პოლიტიკა

სასამართლო სხდომა
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. დამატებითი მტიცებულების მოთხოვნით დღეს 4 სხდომა გადაიდო. ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ბათუმში არა აქციაზე დასასწრებად, არამედ ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდნენ.
მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს ჰქონდა. არაა გამორიცხული, სასამართლომ ხვალვე განიხილოს აქციაზე სხვა დაკავებულების საქმე, რომელიც ხელწერილებით არიან გათავისუფლებულები.
პროკურატურა სასამართლოს ადმინისტრაციული წესით 75 პირის დასჯას სთხოვს, აქედან პატიმრობაში 7 რჩება, ნაწილს უკვე დაეკისრა 250 ლარიანი ჯარიმა. პარალელურად, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლითაც (მასობრივი არეულობა და პოლიციზე, სახელწიფოს სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო შენობაზე თავდასხმა) მიმდინარეობს.
11 მარტს ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან მანქანების გაჩერების წესების დარღვევის გამო გახშირებულ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს. მოგვიანებით, 12 მარტის გამთენიისას, აქციის მონაწილეებმა პოლიციის ეზოში შეჭრა სცადეს, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





