ნატო აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფხაზეთში 12-ტ მარტს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს ნატო" -ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აკეთებს. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართა. როგორც არჩევნების შედეგების შეჯამებისას გახდა ცნობილი. დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22-რ ოლქში ჩატარდება. პირველ ტურში მხოლოდ 12-ი დეპუტატის არჩევა მოხერხდა. მეორე ტური 26-ს მარტს ჩატარდება. დეფაქტო პარლამენტში 35-ი ადგილია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე. წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.
დე-ფაქტო აფხაზეთში გამართულ არჩევნებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს.





