პროკურორი: მამალაძე უსუსურად ცდილობს სხვა დაადანაშაულოს
პოლიტიკა

ჯარჯი წიკლაური
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ, საქმის პოკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა,რომ ის ინფორმაცია, რასაც მათ გიორგი მამალაძე აწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, სხვას გადააბრალოს ბრალი და ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს გიორგი მამალაძემ პასუხი ვერ გასცა და მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
"ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომდა გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორმა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა, კერძოდ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე სოსო ოხანაშვილზე თქვა, რომ მას ამ დროისთვის მოწმის სტატუსი აქვს და ის ერთხელ დაიკითხა. "თუ იქნება საჭიროება, დაიკითხება ნებისმიერი პირი, რომელსაც მიზანშეწონილად ჩათვლის გამოძიება" - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
მისი თქმით, დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აქვს სხვადასხვა ვერსიები, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაასაჯაროებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





