პარლამენტის ბიუროზე დოკუმენტები ბეჭდური სახით აღარ რიგდება
პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარლამენტის ბიუროს წევრებს, ბიუროს სხდომებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ბეჭდური სახით აღარ მიეწოდებათ. კანონპროექტები, სარატიფიკაციო დოკუმენტები, ანგარიშები და ყველა სხვა ის საკითხი, რომელთა განხილის პროცედურაც პარლამენტში ბიუროს სხდომით იწყება, ბიუროზე ბეჭდური სახით წარმოდგენილი აღარ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ბიუროს წევრ დეპუტატებს მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები ურიგდებათ, რომელიც ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.
პარლამენტში ეს პრაქტიკა საგაზაფხულო სესიიდან დამკვიდრდა. როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიზეზი ისაა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დეპუტატებს ელექტრონული ფორმით ეგზავნებათ და ასევე პარლამენტის ვებ-გვერდზე ქვეყნდება, მათი ბეჭდური სახით მომზადების საჭიროება კი, არ არსებობს.
საკანონმდებლო ინიციატივების დაბეჭდვის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ქაღალდის ხარჯვასთან დაკავშირებული ეკონომიის გაკეთება სახელდება.





