თამარ კობახიძე
რუსთავის აზოტის ახალი მენეჯმენტი პროფკავშირებთან თანამშრომლობას წყვეტს
პოლიტიკა

რუსთავის აზოტის ქარხანა
ფოტო: თამარ კობახიძე
"რუსთავის აზოტის“ ახალი მენეჯმენტი პროფკავშირებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. აზოტის პროფკავშირების ხელმძღვანელის გელა ბიჭიაშვილის განმარტებით, ამ დრომდე ადმინისტრაციასა და პროფკავშირებს შორის უვადო ხელშეკრულება მოქმედებდა. ახალი ადმინისტრაცია თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ ისინი უკვე არა შპს აზოტს, არამედ სააქციო საზოგადოება აზოტს წარმოადგენენ.
ბიჭიაშვილი ხელშეკრულების გაწყვეტის მთავარ მოტივად პროფკავშირების მხრიდან ბოლო დროს გამოჩენილ აქტიურობას მიიჩნევს. „ჩვენგან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ,“ -ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი. მისივე თქმით, აზოტის მენეჯმენტისგან თანამშრომლობის გაწყვეტაზე მათთან წერილობითი ან სიტყვიერი გაფრთხილება არ შესულა, თუმცა ორი დღეა ადმინისტრაციამ ბუღალტერიას საწევრო ანარიცხვები დააბლოკინა და თანხები პროფკავშირების ანგარიშზე აღარ ისახება. რაც შეეხება სარჩელს, რომელითაც გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში დავის გაგრძელებას აპირებენ, მომზადების ეტაპზეა. 60-მდე ადამიანი საწარმოში დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
"რუსთავის აზოტიდან“ ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350 თანამშრომელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა, ისინი სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. საწამოს ხელმძღვანელობამ გათავისუფლებულ მუშებს კომპენსაცია შესთავაზა, მათი ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა. ნაწილი კი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობს.





