imedi
მარგველაშვილი: კონსტიტუციას ხელს ყველა მოქალაქე უნდა აწერდეს
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "კონსტიტუცია ყველასიას" ფარგლებში კახეთში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. შეხვედრაზე მარგველაშვილმა კონსტიტუციის საერთ-სახალხო განხილვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას ხელს ყველა მოქალაქე უნდა აწერდეს.
"კონსტიტუცია იწყება სიტყვებით, - "ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" და ქვემოთ საქართველოს მთელი სახელმწიფო, მთელი ერი უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუცია არის ჩვენი თანხმობა, როგორც თავისუფალი მოქალაქეებისა ერთმანეთთან, რომ რაღაც წესებს დავიცავთ და ასე იქმნება თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი სახელმწიფო. ამიტომ, როცა გაჩნდა კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა, მე ვთქვი, რომ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია, ვკითხოთ საზოგადოებას. საქართველოში კონსტიტუცია არაერთხელ გადასინჯულა და ეს გადასინჯვები იყო დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ისტორიულად, რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, მერე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია შედეგები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებასთან შეხვედრები სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის აზრი გაიგოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ კონსტიტუციის წერის პროცესი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი გამთლიანების, უფრო მეტი გაძლიერების წინაპირობა. "შესაბამისად, მე დღეს მინდა ვიყო უფრო მსმენელის როლში. რასაც თქვენ იტყვით, ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს სჯა-ბაასი", - მიმართა მარგველაშვილმა სტუდენტებს.
პრეზიდენტს დღესვე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექნება შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია"-ს პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს გაიმართა. შეხვედრას მმართველი გუნდი დასწრებია. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ წერილიც გამოაქვეყნა. უმრავლესობის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არაკორექტული განცხადებების გაკეთების ნაცვლად კომისიის მუშაობაში თავიდანვე უნდა ჩართულიყო.
პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი კამპანიის დაწყების შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.





