imedi
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ
პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მოსმენაზე, სადაც დასავლეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავდნენ, კონგრესმენებმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაგმეს. კონგრესმენმა ტედ პომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც, მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა არასათანადოდ რეაგირებს.
„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის 1/3-ის ოკუპირება მოახდინა და დასავლეთმა ამაზე განცხადა, რომ ეს არ არის კარგი და არაფერი გააკეთა. რუსეთმა შემდგომ ყირიმი დაიპყრო, რაზეც დასავლეთმა კვლავ განაცხადა, რომ ეს არ არის კარგი და რუსეთს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არავითარი შედეგი. ახლა რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის მითვისებას. მე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოვადგენ აშშ-ს, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე, სანქციები დააწესონ, თუმცა ეს არ მომხდარა. რატომ გვიკვირს, რომ მოსკოვი იმავეს სჩადის“, - განაცხადა ტედ პომ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონგრესმენმა რონ დესანტისმა რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის პასუხი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა იყო. კონგრესმენი ილეანა როს-ლეტინენი კი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა.





