imedi
არასამთავრობოებს ბათუმის მოვლენების პოლიტიკური შემადგენელიც აინტერესებთ
პოლიტიკა

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.
"მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციის შენობასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიმდინარე არეულობის აღსაკვეთად აქტიურ ქმედებებს არ მიმართავდა და ძირითადად თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა.
აქციის მონაწილემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა და "თავისუფალი ზონის" წევრმა ირაკლი ჩხვირკვიამ, აგრესიულად განწყობილ ახალგაზრდებთან ერთად, მათივე სახელით, ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკვია ითხოვდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას საათნახევრის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ახალგაზრდებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიას.
სპეცრაზმის გამოჩენისთანავე შეკრებილთა უმეტესობა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა, რეალურად პოლიციელებსა და შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება აღარ მომხდარა. პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას. პოლიციამ დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავა და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია არასამთავრობო ორგანიზაციის ,- "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ, 4 თანამოაზრესთან ერთად 9 მარტს გამართა. აქციაზე მერაბ ღოღობერიძე ამბობდა, რომ კახა ბუხრაძემ სამმართველოში ადგილობრივი კადრები მასთან დაკავშირებული პირებით ჩაანაცვლა. მცირერიცხოვან აქციაზე მისულებს ხელში ეკავათ ტრანსფარანტები ტექსტით - "აჭარელი თათარი არ არის". გასული პერიოდის განმავლობაში ღოღობერიძე ცნობილი იყო თავისი აგრესიული აქციებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, როდესაც შეკრების მონაწილეების ქცევა კარგავს მშვიდობიან ხასიათს, ისინი გადიან შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ პირობებში პოლიციას ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობრივი ქმედების პროპორციული ზომებით აღკვეთის ვალდებულება. როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს. ამასთან შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები. მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი.
კონკრეტული ჯგუფების ძალადობრივი ქცევის მიღმა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს.
ამავდროულად ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო. თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.





