imedi
ევროპული საქართველო: ვანდალებისთვის სოლიდარობის გამოცხადება გაუმართლებელია
პოლიტიკა

გიგი უგულავა
"ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს არეულობას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას მიაჩნიათ, რომ ვანდალური პროტესტისთვის ნებისმიერი სოლიდარობის გამოცხადება გაუმართლებელია. პარტია გმობს ძალადობრივ აქტებს. მათი შეფასებით, გუშინდელი ქაოსი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგია - მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება.
"ვანდალიზმი აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ხუთი წელია ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს, ამცირებს პატრულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის. გამოსავალი არის ერთადერთი - სამოქალაქო აქტიურობა და ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





