მარგველაშვილმა ისევ არ თქვა, იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად მეორე ვადით
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: Facebook
დღეს პრეზიდენტის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა შემოდგომაზე გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა და საკუთარი კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა, მაგრამ ისევ არ თქვა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოქტომბრის არჩევნებში.
„ჩემ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მე ვიქნები ჩამოყალიბებული და როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
მისი თქმით, „ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო მოქალაქეებს.
მან თქვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტს ძალიან წარმატებულად ჩამოაშორეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, მოსამართლეთა დანიშვნა და საერთაშორისო ურთიერთობები და შედარებით ნაკლები მნიშვნელობის უფლება - მოქალაქეობის მინიჭება.
„ამ ფონზე რთულია იფიქრო, რამდენად შეიძლება ემსახურო ქვეყანას“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ „შენებს მოძრაობის“ ლიდერის მოსაზრებების დიდ ნაწილს იზიარებს.
„ბატონ დავითთან მქონდა არაერთი შეხვედრა, მქონდა აგრეთვე შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებთან. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მას ვუთხარი, რომ ამას არც მომავალში ვაპირებ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, იმაზე, თუ რა როლი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ვითამაშოთ ქვეყნის გაძლიერებაში. ამის შესახებ ბატონი დავითის შეფასებების ძირითად ნაწილს ვიზიარებ, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის მშენებლობას და პარალელურად, ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობას, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ ვარ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობა და "ახალი ცენტრისტული ძალის შექმნა" შესთავაზა. ამის შესახებ უსუფაშვილი მარგველაშვილის მისამართით დაწერილ ღია წერილში განაცხადა, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა.
ბრიფინგზე პრეზიდენტმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღედ 28 ოქტომბერი დაასახელა.
ამ დროისთვის პრეზიდენტად კენჭისყრის შესახებ განაცხადა "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სავარადუდოდ, "ქართული ოცნება" დაუჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ ამ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა. ის არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას განაცხადებს.
20 ივლისს, გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტად მეორე ვადით, განაცხადა, რომ ამას მას შემდეგ იტყვის, როდესაც „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს წარადგენს.
ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ჰყავს. პარტია „ევროპულ საქართველოს“ კი - დავით ბაქრაძე.
პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა.





