NDI: გამოკითხულთა 74%-მა არ იცის ვის აირჩევს საპრეზიდენტო არჩევნებში
პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას.
ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, 74 პროცენტს არ გადაუწყვეტია, 5-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო ერთმა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ამასთან, NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 20% კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“.
იმავე კითხვაზე გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რესპონდენტთა 11% დაუჭერდა მხარს.
კითხვაზე უარით უპასუხა გამოკითხულთა 10%-მა, ხოლო 4%-მა განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 3%-მა, ხოლო სხვა პარტიებს 7%-მა.
კვლევა ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დროულად დასახელების რეკომენდაციით პრეზიდენტს NDI-მ გასულ კვირას მიმართა.
კანონმდებლობით არჩევნების თარიღი, არჩევნებამდე 60 დღით (2 თვით) ადრე უნდა დაინიშნოს. ცნობილია, რომ ახალ პრეზიდენტს ელექტორატი ოქტომბერში აირჩევს.
წინასწარი ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.




