აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
პოლიტიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
დაშავებულთაგან 12 პოლიციელია. მისი თქმით, დაშავებულ პოლიციელებს ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები აღენიშნებათ, ხოლო მოქალაქეებს - გაზის გავლენის შედეგები.
კვლავ რთულია დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობა, რომელსაც ქვით სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული და მას ოპერაცია ესაჭიროება. კიდევ 2 დაზარალებულია შედარებით მეტად დაზარალებული და ისინი სტაციონარში რჩებიან.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა. მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული ექვსივე პირი მოინახულა და განაცხადა, რომ მათ დაზიანება არ აღენიშნებათ. დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას მათ მიმართ არ უძალადიათ.





