აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულია 21 ადამიანი
პოლიტიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 21 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, 11 სამართალდამცველია.
მისი თქმით, ყველაზე მძიმედ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილია დაშავებული, რომელსაც ყბა-სახის ტრავმა აქვს მიღებული. ის ამბობს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა მას ოპერაცია.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
მოგვიანებით აქცია აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული ექვსივე პირი მოინახულა და განაცხადა, რომ მათ დაზიანება არ აღენიშნებათ. დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას მათ მიმართ არ უძალადიათ.





