დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს გეგმავენ
პოლიტიკა

აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოსთან
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომრე დავით გაბაიძე დეპუტატებთან ერთად აქციაზე მოვიდა. ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც ქართული ოცნების წევრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, ისინი ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს აპირებენ, რათა აქცია დაიშალოს. ერთ-ერთ ორგანიზატორად ჭეიშვილი კი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ასახელებს. მისივე თქმით, დაკავებულებს ხვალ სასამართლომდე ვერ გაათავისუფლებენ.
ბრალდებებს ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორები არ არიან, მას რამდენიმე საათის შემდეგ შეუერთდნენ და მოქალაქეების პროტესტს იზიარებენ. აქციაზე ევრუპული საქართველოს, ლეიბორისტული და სხვა პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სამმართველოს ეზოში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. სამმართველოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული.
აქციაზე იმყოფება სახალხო დამცველის ერთი წარმომადგენელი, ხოლო მეორე სამმართველოში დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა. imedinews.ge-ს ინფორმაციით, მან უკვე ნახა აქციაზე დაკავებული სამი მოქალაქე და იმ ორ პირსაც მოინახულებს, რომელთა დაკავებასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაკავებულთა მდგომარეობაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ბათუმში ვითარება დღეს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 3 პირი დააკავა. დაკავებულების მოსანახულებლად იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები უკვე შევიდნენ.





