imedi
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბობ უოლშის სახელი მიენიჭება
პოლიტიკა

ბობ უოლშის ხსოვნის საღამო
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი მიენიჭება. პრემიერმა თბილისის მერიასა და საკრებულოს უკვე მიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულ ინიციატივაზე გიორგი კვირიკაშვილმა ბობ უოლშის ხსოვნის საღამოზე ილაპარაკა. პრემიერმინისტრის თქმით, ბობ უოლში იყო საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა საქართველოთი.
"ეს იყო პირველი ყინულის გატეხა, რომელსაც ჰქონდა შემდგომი განვითარებისთვის გზამკვლევის ფუნქცია. ამიტომ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ბობ უოლშის მეგობრობა საქართველოსთვის და ამიტომ არის განსაკუთრებული ის საქმე, რომელიც მან საქართველოსთვის გააკეთა. მან გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ის იყო პიონერი, რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში. ბობმა გზამკვლევის როლი ითამაშა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ საქართველოსთან ურთიერთობა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის არის საქართველოს საპატიო მოქალაქე", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ბობ უოლში 2017 წლის 23 იანვარს 76 წლისა გარდაიცვალა. ამ ფაქტს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამძიმრით გამოეხმაურა.
უოლში, რომელიც საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ამერიკული ინვესტიცია მოიზიდა. მან რამდენიმე ქართულ-ამერიკული პროგრამა დააფუძნა, მათ შორის სტუდენტების გაცვლის, ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების და სხვ. ამ საქმიანობისთვის მას საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.





