imedi
ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო
პოლიტიკა

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს.
სერვისის იუსტიციის სახლში დანერგვის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ განაცხადები საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში გააკეთონ. ამ დრომდე, ეს მომსახურება დევნილთა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი.
ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, სახიფათოა საცხოვრებლად და ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ეკომიგრანტ ოჯახს შეუძლია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება მოითხოვოს. საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროში არსებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია იღებს. საცხოვრებელ ადგილსა და სახლს სტიქიით დაზარალებული ოჯახი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევს. სახლის ღირებულება 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.





