თიბილოვი და პუტინი ოსური შენაერთების რუსეთის არმიაში შესვლაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა

ლეონიდ თიბილოვი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მარტის შუა რიცხვებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ ხელშეკრულებას ე.წ. სამხერთ ოსეთის ზოგიერთი შენაერთის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ადასტურებს.
გარდა ამისა, მხარეები განიხილავენ სამხრეთ ოსეთში პენსიებისა და ხელფასების მომატების საკითხს, აგრეთვე, სამედიცინო ცენტრის მშენებლობის თემასაც, - დასძენს სურკოვი. ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთს ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის სტატუსი აქვს. მან დამოუკიდებლობა 1991 წლის დეკემბერში გამოაცხადა. რეგიონის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამართლებრივი სტატუსი ხუთმა ქვეყანამ - რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ ცნო. გასული წლის მაისში თიბილოვმა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერეს განცხადებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელზეც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლუს საკითხი უნდა გადაწყდეს. რეფერენდუმი 2017 წელსაა დაგეგმილი. თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. მომდევნო არჩევნები მიმდინარე წლის 9 აპრილსაა დაგეგმილი", - წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეხვდებიან.





