დეპუტატები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავენ
პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. საუბარია 100-ქულიანი მოდელის და უკონტაქტო პატრულირების შემოღებაზე. პროექტი დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარუდგინა. ახალი სისტემის მიხედვით, მძღოლს ერთი წლის განმავლობაში სულ მინიჭებული აქვს 100 ქულა, ყოველ სამართალდარღვევაზე კი დარღვევის ტოლფასი ქულა აკლდება. თუ წლის განმავლობაში მძღოლი 100-ვე ქულას გახარჯავს, მართვის უფლებას ერთი წლით დაკარგავს. საუბარია მხოლოდ პატრულის ჯარიმებზე და არა ვიდეო-კამერით დაფიქსირებულ დარღვევებზე.
უკანტაქტო პატრულირების შემოღების შემთხვევაში, პოლიციას ენიჭება უფლება, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. ამ შემთხვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება.
პროექტის წარდგენამდე, შალვა ხუციშვილმა ათწლიანი სტატისტიკა წარადგინა, რომელიც ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.





