წულუკიანი: ქართული ოცნების კანდიდატი კონკურენტუნარიანი იქნება
პოლიტიკა

თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომელთაგან კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ის იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი. ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.
მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება და პრეზიდენტად მისი კანდიდატურის წამოყენება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შესთავაზა. მათ დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ მარგველაშვილი კონკრეტულ პასუხს 1 აგვისტომდე იტყვის და თუ ის უარს განაცხადებს შეთავაზებაზე, მაშინ უსუფაშვილი იქნება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის არჩევნების შედეგად გახდა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.





