თამარ კობახიძე
ნარმანია: ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეთა კომპენსაცია ჩვენი პრეროგატივა არ არის
პოლიტიკა

დავით ნარმანია
ფოტო: თამარ კობახიძე
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაციებს ვერ მისცემენ, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომპენსაციები თბილისის მერიის პრეროგატივა არ არის, რადგან ეს ორ სუბიექტს შორის დაკავშირებული საკითხებია. თბილისის მერის მტკიცებით, დღეს მისი მოადგილეები საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა დაზარალებულებს შეღავათი გაეწიოთ.
9 მარტს თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულებმა აქცია გამართეს. ისინი კარვების გაშლასაც გეგმავდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, ამიტომ დაზარალებულებმა მჯდომარე აქცია დაიწყეს. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





