ანი გუმბერიძე
კალაძე: არ მაინტერესებს, ვის შეხვდება პრეზიდენტი
პოლიტიკა

კახი კალაძე
ფოტო: ანი გუმბერიძე
"პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს მოლაპარაკებას, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის", -ამის შესახებ ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრეზიდენტის განცხადებები მისი არჩევის წესის ცვლილების მიზეზი გახდეს, კალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არა პრეზიდენტის განცხადებების, არამედ ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.
ვიცეპრემიერის თქმით, მან მოისმინა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც კალაძის შეფასებით ცოტა ემოციური იყო."ჩემთვის საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და ის შედეგი, რასაც ეს კომისია დადებს", - დასძინა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და პრესსპიკერმა დააანონსეს.
საკონსტიტუციო კომისია, ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილებების კორექტირებაზეც მსჯელობს, რაც გიორგი მარგველაშვილმა მისი ფიგურისადმი უმრავლესობის კრიტიკული დამოკიდებულებით ახსნა. პრეზიდენტის შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ცდილობს.
2016 წლის 12 დეკემბერს, პარლამენტის წინადადებაზე, გიორგი მარგველაშვილს მონაწილეობა მიეღო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა.





