ანი სარჯველაძე
მოქალაქე წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
პოლიტიკა

გიორგი ქადაგიძე
ფოტო: ანი სარჯველაძე
მოქალაქე გიორგი ქადაგიძე 2004 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად, მან თბილისში, ბინის აივანსა და შესასვლელ კარებს ბანერი წარწერით „წართმეულია“ მიაკრა და მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მიიღოს ზომები და კუთვნილი ქონება დაუბრუნოს. მისი თქმით, ბინა, რომელიც დიღმის მასივის, მეექვსე კვარტალში მდებარეობს, 2004 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალის გამოყენებით წაართვა და შემდეგ ერთ ლარად გაყიდა.
2004 წლიდან დღემდე კუთვნილი ქონების დაბრუნებას ის საქართველოს ყველა სასამართლოში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მან სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანა, მაგრამ მე-5 წელია გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. როგორც დაზარალებული ამტკიცებს, სააკაშვილის რეჟიმის დროს, სახელმწიფომ ბინა ერთ ლარად, რატი მგელაძეს და მის მეუღლეს ლელა მიქაიშვილს გადასცა.
დაზარალებული ამბობს, რომ წართმევამდე სამი თვით ადრე ციხეში პოლკოვნიკი თეთრაძე მოკლეს. მისი მტკიცებით, რატი მგელაძე ამ მკვლელობის თანამონაწილე იყო და ბინა სიმბოლურ ფასად ამის სანაცვლოდ გადაეცა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, რატი მგელაძე ახლა თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.
2003 წელს გიორგი ქადაგიძე პოლიტპატიმარი იყო.





