ოცნებას, სავარაუდოდ, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება
პოლიტიკა

Imedinews-ის ინფორმაციით, მმართველ პარტია" ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება და პარტია დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადებს მხარდაჭერას.
ინფორმაციას მხარეები, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ დეტალები თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
"არ გეტყვით, თქვენ რაც გინდათ. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როცა განცხადება გასაკეთებელი მექნება, ამ განცხადებას გავაკეთებ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემზე მეტი იცით. რისი თქმაც მინდა, იმას იმ დღეს გეტყვით, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და გეტყვით. ბრიფინგების გამოცდილება მაქვს და ბრიფინგს ჩავატარებ. განცხადებას ალბათ ამ თვის ბოლომდე გავაკეთებ. მეტს არაფერს გეტყვით. დათანხმებაზე საუბარი არ არის. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. გითხარით დღეს სათქმელი, რაც მაქვს. ყველა კითხვაზე პასუხს მერე გაგცემთ. თუ-ებზე არასოდეს ვლაპარაკობ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე. სალომე ზურაბიშვილი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).
ის დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი.
ამჟამად სალომე ზურაბიშვილი არის მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი, არაპარტიული დეპუტატი.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.





