სოფიკო ბერიძე
მეუფეების თქმით, საპატრიარქოში დაპირისპირება არ არის
პოლიტიკა

მეუფე ანტონი
სინოდის სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ პირველად ტარდება. მეუფეების თქმით, საპატრიარქოში დაპირისპირება არ არის.
მეუფე ილარიონი (მესტია): "არაფერი ვიცი. გამოძიება დასრულდება და გავიგებთ. მტკიცებულებები რამდენად სარწმუნოა, არ ვიცი".
მეუფე ანტონი (ვანი): "პროკურატურის თუ არ დაიჯერე, ვისი უნდა დაიჯერო, სხვა ვარიანტი არის?"
მეუფე იოანე (რუსთავი): "არ მაქვს უფლება, არ ვენდო პროკურატურას. ვიდეოს ავთენტურობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჩემს კომპეტენციას აღემატება. მამა გიორგის არ ვიცნობდი. მეუფე პეტრემ სერიოზული არგუმენტი არ მოიყვანა. მხოლოდ სიტყვებზე მსჯელობა რთულია. საპატრიარქოში კლანები და დაპირისპირება არ არის, აზრთა სხვადასხვაობაა. შორენას მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა".
მეუფე დოსითეოზი: "ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. საჭიროა სიბრძნით მიდგომა და არა - ემოციით. საპატრიარქოში დაპირისპირება არ არის. ეს აზრთა სხვადასხვაობაა".
მეუფე ზოსიმე: "ეკლესიის დაცვაზე, მოფრთხილებაზე ვისუბრებთ. უწმინდესის ნებაა, რა საკითხებს განვიხილავთ. ეკლესია ფაქიზი მარგალიტია. მას უნდა გავუფრთხილდეთ".
გუშინ მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმის მთავარი მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





