მარგველაშვილი: საქართველო ალიანსის მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას იმსახურებს
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბრიფინგი გაიმართა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ნატოს სამშვიდობო მისიების ფარგლებში საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს. როგორც მარგველაშვილმა თქვა, საქართველო ალიანსის მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას იმსახურებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის, საქართველო მზადაა, რათა ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისთვის.
„ჩვენ ვმონაწილეობთ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. მინდა, დიდი სიამაყით შეგატყობინოთ, რომ მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ. ჩვენ ვმონაწილეობთ შავი ზღვის უშიშროების დიალოგში. საქართველოს მონაწილეობა ამ კონტექსტში არის მნიშვნელოვანი. საქართველოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და შავი ზღვის დიალოგში იქნება ჩვენი საუბრის საგანი ნატოს წევრებთან. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო და სტაბილური, როგორ გახდეს უფრო ინტენსიური ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატი, რომლიც მიგვიყვანს უფრო მეტ თავდაცვისუნარიანობასთან, ჩვენი ქვეყნისთვის თავსებადობასთან ალიანსთან და ბოლოს ნატოში გაწევრიანებასთან. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობას გავაძლიერებთ. საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავიანთი უნარიანობით ნატოს წევრები უნდა გახდნენ და ჩემს ამ პოზიციას ალიანსის ბევრი წევრი იზიარებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველო ურთიერთობა უნიკალურია, ხოლო საქართველო ნატოს მეგობარია. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, საქართველოს ნატოს სწევრი გახდება.
"10 წელი გავიდა, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა და მას შემდეგ ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო გახდა. თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი ხართ და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა ნატოსა და საქარველოს უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მომზადების მიზნით,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
დღესვე დაგეგმილია ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა ნატოს სახელმწიფოთა მეთაურების და მთავრობის მეთაურების დონეზე. საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან.
გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა სამიტის ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმზე და მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში.
საქართველო ნახსენები იქნება სამიტის საბოლოო დეკლარაციაში. ნატოს სამიტის პირველ დღეს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს.
ასევე ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.
სამიტში ალიანსის 29 წევრი და 20 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს.





