ჭუბერში სტიქიისგან მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს
პოლიტიკა

ჭუბერი
ფოტო: არქივი
ჭუბერში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უკვე დათვლილია წაღებული მიწის ნაკვეთების და სახლების ზარალი. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
"საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია წაღებული. რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა დანგრეული სახლების მიმდებარედ. ორი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. წაღებულია 27-მდე ოჯახის სასმელი წყლის ავზი, რომელიც მოსახლეობამ კუსტარულად გააკეთა. გარდა ამისა, ხუთი ხიდია წაღებული", - თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს გადააჭარბოს, თუმცა ჯერ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობს.
კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრისთვის დასრულდება სამხედრო ხიდის მონტაჟი, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უკვე მეორე ნაპირას გადავა და იქ განაგრძობს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, მერის თქმით, ამ დროისთვის შუქის გარეშე მხოლოდ ორი სოფელი რჩება. მერი ამბობს, რომ დღეს გახდება შემაჯამებელი დასკვნა ცნობილი, თუ რამ გამოიწვია სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენები ჭუბერში.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.





