ვასილ დაბრუნდაშვილი
კვირიკაშვილი: სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
"საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ მხრივ ყველა შიში გადაჭარბებულია", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რომში გააკეთა.
პრემიერის თქმით, ამ საკითხზე გადაჭარბებული აჟიოტაჟია ატეხილი და ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით საფრთხე არ არსებობს. მისი შეფასებით, "რუსთავი 2"-ის საქმე თავიდანვე ორი სუბიექტის დავა იყო, ახლა პროცესში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო და ხელისუფლება პროცესებს მშვიდად მიჰყვება.
"პროცესი გრძელდება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას გავაგრძელებთ. ინსტიტუციები მუშაობენ და ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ", - განაცხადა "რუსთავი 2"-ზე საუბრისას საქართველოს პრემიერმა.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 6 მარტს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. 7 მარტს სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა.





