პაოლო ჯენტილონი: საქართველო-იტალიის ურთიერთობებში მკვეთრი დინამიკაა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონი
"ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი და მკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში", - ასე შეაფასა იტალიის პრემიერმინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალური ვიზიტი რომში. იტალიის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. საქართველოსა და იტალიის პრემიერმინისტრების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. პრემიერმინისტრებმა, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა და პაოლო ჯენტილონიმ, აგრეთვე, ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. იტალიის მთავრობის მეთაურმა გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, - - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეომიერმინისტრი იტალიას დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი იტალია-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრო. მან, ასევე, შეხვედრები გამართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალისთან, იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასოსთან, იტალიის ეკონომიკის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.





