imedi
ქარჩავა: თეთრუაშვილის გარდა, 7 სამოქალაქო პირი დაიკითხა
პოლიტიკა

ედიშერ ქარჩავა
"მთავარმა პროკურატურამ, შორენა თეთრუაშვილის გარდა, 7 სამოქალაქო პირი დაკითხა", - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მათ გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ. ქარჩავა, ასევე აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პიროვნული დაპირისპირება არ ჰქონია.
ქარჩავას თქმით, საპატრიარქო გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს. მან თქვა, რომ დღეს გამოქვეყნებულ მასალებში არის დასაბუთებული ვარაუდი, რასაც პროკურატურა ეყრდნობა. იურისტმა, ასევე, მოუწოდა ადვოკატს, გაასაჯაროოს მამა გიორგის მიერ მიცემული ჩვენება, რაც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.
"ბატონი გიორგი ხშირად არაკორექტულია და არაა იმ ვერსიებზე ჩამოყალიბებული, რომელზეც საუბრობს. ამიტომაც იშველიებს გაუთქმელობის ხელწერილს. თუ მამა გიორგი დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან, მაშინ რატომ იღებს საწამლავისთვის ფულს? თუ ფანცულაიას არ შეუძლია გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი, დაწეროს არგუმენტები, მისცეს მამა გიორგის და სხვა ადვოკატმა გაასაჯაროოს ის", - თქვა ედიშერ ქარჩავამ.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ეკლესიის შიგნით დაპირისპირება სჭირდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საპატრიარქოს შიგნით დაპირისპირება არ არსებობს", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას საპასუხოდ.
საპატრიარქოს იურისტმა არ ისაუბრა იმაზე, გამორიცხავს თუ არა საპატრიარქო დანაშაულში ორგანიზებული ჯგუფის არსებობას. მან, ასევე, არ თქვა, ვინ მიიწვია დეკანოზი გიორგი მამალაძე გერმანიაში. იურისტის თქმით, ამაზე გამოძიებამ უნდა ილაპარაკოს.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





