ჭუბერში დროებითი ხიდის მოწყობას რამდენიმე დღე დასჭირდება
პოლიტიკა

კობა გაბუნია
ფოტო: პაპუნა შუშანია
გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კობა გაბუნიას განცხადებით, ჭუბერში დროებითი ხიდის დამონტაჟებას 3-4 დღე დასჭირდება.
მისივე თქმით, აღნიშნული კონსტრუქცია არის ძალიან მყარი, შესაბამისად სამხედრო ტექნიკის გადაყვანა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე ხიდის მეშვეობით მოხდება.
თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდი ცოტა ხნის წინ ჩაიტანა. სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით უწყებას საგანგებო შტაბმა მიმართა.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის იმ ადგილების გამაგრება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ადგილზე შევიდა დამატებითი მძიმე ტექნიკა.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.





