imedi
საქართველო-უკრაინის საბორნე მიმოსვლის შეთანხმება დამტკიცდა
პოლიტიკა

მთავრობამ საქართველოს და უკრაინის ნავსადგურებს შორის საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
დაინტერესებული კომპანია ორი ქვეყნის ნავსადგურებს შორის ოპერირებას შეუფერხებლად შეძლებს.
შეთანხმებას ხელი 2016 წლის 13 სექტემბერს ბათუმში მოაწერეს.
უკრაინული ტვირთების ტრანზიტზე რუსული პირობების გამკაცრების შემდეგ, კიევი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. აბრეშუმის გზა (უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთი, შავი და კასპიის ზღვების გავლით) მაღალი ტარიფების გამო მოთხოვნადი არ არის.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კომპანიები მზად არიან, გადაიხადონ მეტი, რათა ტვირთი 9-15 დღეში (2-3 თვის ნაცვლად) მიიღონ.
ექსპერიმენტის სახით, საკონტეინერო 20-ვაგონიანი მატარებელი ილიჩევსკის პორტიდან ჩინეთში იანვარში გაემართა.
1 იანვრიდან რუსეთმა უკრაინისთვის დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება შეაჩერა და ეროკავშირიდან განუბაჟებელი საქონლის შემოსვლის თავიდან აცილების და საკუთარი ბაზრის დაცვის მოტივით, საბაჟო გადასახადები დააწესა. მოსკოვმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მხარდამჭერ კიევს ემბარგო დაუწესა. უკრაინიდან ყაზახეთში საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები ბელარუსიდან რუსეთის გავლით ხორციელდება.





