უჩა ნანუაშვილი ქალების უფლებებზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი ქართველ ქალებს 8 მარტს ულოცავს. ომბუდსმენი ქვეყანაში ქალთა გაძლიერების და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე დადებით ცვლილებებს ხაზს უსვამს, მაგრამ, ამავე დროს, პრობლემების არსებობაზეც მიანიშნებს.
„აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც კვლავ გადაუჭრელია და მძიმედ აისახება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის და სოციალური კუთვნილების მქონე ქალზე. კვლავ პრობლემად რჩება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროების რეგულაცია“, - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ საკანონმდებლო ორგანოში. მისივე თქმით, დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია.
სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის აქციებს თუ მსვლელობებს სოლიდარობას უცხადებს.





