ანა ბერუკაშვილი
თბილისში ქალთა უფლებების დასაცავად ორი მსვლელობა გაიმართა
პოლიტიკა

8 მარტს, ქალთა დღეს, მოქალაქეების ნაწილი აქციით ხვდება. თბილისში ორი მსვლელობაა გაიმართა.
"დაამსხვრიე შუშის ჭერი" - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მონაწილეებმა სიმბოლურად შუშის ჭერი დაამსხვირეს.
კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია განმარტავს, რომ შუშის ჭერი საერთაშორისო ტერმინია, რომელშიც უხილავი ბარიერები იგულისხმება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალების ხელფასი ერთი მესამედით ნაკლებია მამაკაცებისაზე. ასევე აქციაზე აღინიშნა, რომ ქალები კარიერაში მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე წინაურდებიან, რაც სწორედ ე.წ. შუშის ჭერს წარმოადგენს.
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა" - ამ სლოგანით დაიწყო მსვლელობა ფილარმონიიდან. აქციას "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" მართავს.
"ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს.
ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.





