მიხეილ ხაჩიძე
ავსტრიის საგარეო უწყება ლტოლვილთა ბანაკებზე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "იმედს" ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება მისცა.
წერილობით პასუხში "იმედს" უწყებიდან აცნობეს, რომ მინისტრმა საქართველო მაგალითად მოიტანა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ლტოლვილთა ბანაკების მოწყობა, თუმცა, ამ საკითხზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს.
დიპლომატიური უწყების განცხადებით, კურცმა მიგრანტთა ნაკადის ევროპაში შედინების შეჩერებასა და მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ილაპარაკა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ, თუ ეს ვერ მოხერხდება, ევროპის გარეთ, სადმე, მშვიდობიან მესამე ქვეყანაში, შეიქმნას ლტოლვილთა ცენტრები, რომელიც, UNHCR-თან ერთად, მოახერხებს ამ საკითხის უზრუნველყოფას.
"სად მოეწყობა ეს ბანაკები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ იქ ლტოლვილები თავს დაცულად იგრძნობენ და, ამავდროულად, მათი სამშობლოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს", - განუცხადეს "იმედს" ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ევროკავშირის მიერ საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების აშენების მოთხოვნას ასევე უარყოფს ევროკავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი.
ევროკომისრის ოფისმა "ამერიკის ხმის" კითხვას წერილობით უპასუხა, სადაც წერია, რომ ლტოლვილთა ბანაკების აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა და საქართველომ უვიზო მიმოსვლა დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის შედეგად მიიღო.
"ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შემდეგ აკვირდებოდა და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ, როცა საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა", - ნათქვამია წერილში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსება საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში შესთავაზა. ამ თემაზე სებასტიან კურცმა გამოცემა Bild-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
მოგვიანებით, საქართველოში ავსტრიის ელჩმა თქვა, რომ საკითხი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან არ განხილულა. ინფორმაცია, ასევე, უარყო დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმაც.





