imedi
ქუთაისის მერია მოსახლეობას: მგზავრობის გაზრდილი საფასური არ გადაიხადოთ
პოლიტიკა

ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ტრანსპორტით მგზავრობის გაზრდილი საფასური არ გადაიხადოს.
მერიის ინფორმაციით, ტარიფის გაზრდა მძღოლებმა თვითნებურად გადაწყვიტეს, რითაც კანონი დაარღვიეს.
"მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით, ორი დღის განმავლობაში, ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი მგზავრებს გაზრდილი ტარიფით ემსახურება. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ, თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, მერიას ცხელ ხაზზე (ტელ: 242651) შეატყობინონ.
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი 6 მარტს გაიფიცა. აქციის მონაწილეები, საწვავზე ფასის მომატების გამო, ტარიფის გაზრდას ითხოვდნენ.





