ქეთევან ლაცაბიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა მიღებულია
პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: ქეთი ლაცაბიძე
6 მომხრე, 1 წინააღმდეგი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილებები დაამტკიცეს, რომელიც სტრუქტურულ ცვლილებებს და სამოქმედო გეგმას მოიცავს.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სულხან სალაძის პრეზენტაციას კამათი მოჰყვა. ბორდის წევრი ცდილობდა გაერკვია, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით რამდენი ადამიანის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
მენეჯმენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება მასობრივი. ამის საპასუხოდ სალაძემ საკუთარ პრეზენტაციაში წარადგინა კონკრეტული ციფრი და განმარტა, რომ დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება ცვლილებები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც.
მის ამ პოზიციას მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან კამათი მოჰყვა. ისინი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრის დასახელება არასწორია.
გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისამდე არხზე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მანამდე კი მენეჯმენტი არხის პროგრამული პოლიტიკის განსაზღვრას გეგმავს. კონკურსის გზით შეირჩევა კონკრეტული გადაცემები. 25 მარტამდე არხმა უნდა მოამზადოს კონკურსის პირობები და ჯგუფის შემადგენლობა. კონკურსი 1 აპრილიდან გამოცხადდება.
რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის თანახმად, "რეალური სივრცე", "წითელი ზონა" და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ, დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება.





