ლევან ჩუგოშვილი
HRW: საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება
პოლიტიკა

Human Rights Watch-ი საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესებმა წარმოშვა ეჭვი მთავრობის მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ.
"ყველაზე პოპულარული ტელეარხის, რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხის სასამართლო განხილვამ წარმოშვა სერიოზული წუხილი მთავრობის მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში პოტენციური ჩარევის შესახებ", - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
ამ განცხადების შესახებ "ქრონიკასთან" ორგანიზაციის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმაც ისაუბრა. "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. ჩევნ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედიის მრავალფეროვნება,"-განაცხადა გიორგი გოგიამ.
ორი დღის წინა საქართველოში მედიის თავისუფლებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იყო საუბარი. საქართველოს მთავრობა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უფლებას ხშირად ადეკვატურად არ იცავს - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. 3 მარტს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ კორესპონდენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და დოკუმენტის დეტალური განმარტების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა ამ საქმეს პროცედურის დაცვით წარმართავს.





