მარიამ მაისურაძე
თბილისის საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეთა აქცია გაიმართა
პოლიტიკა

აქცია საკრებულოსთან
ფოტო: მარიამ მაისურაძე
თბილისის საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი მთავრობის წევრებთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ.
დაზარალებულების განცხადებით, მათ პრეზიდენტს, პარლამენტსა და თბილისის საკრებულოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. საკრებულოს ოპოზიციამ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა გუშინ შიმშილობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან განაგრძეს. მოვაჭრეები უკვე მე-15 დღეა შიმშილობენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





