ანი გუმბერიძე
გიორგი პაპუაშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო
პოლიტიკა

არჩილ კაიკაციშვილი ადვოკატი
ფოტო: ანი გუმბერიძე
სააპელაციო სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. ამის მიზეზად კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ლომიძემ ერთ-ერთი მოსამართლის, თეა ძიმისტარაშვილის ავადმყოფობა დააახელა. როგორც ლომიძემ განმარტა, მისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ ძიმისტარაშვილი ბიულეტენზე იმყოფება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება სხდომის გადადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს. მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატის აზრით, სასამართლომ დღეს ვერ გაბედა გადაწყვეტილების გამოცხადება. არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ კოლეგიაში საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობააა.
სააპელაციო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა. დღეს უნდა გარკვეულიყო, ვის მფლობელობაში დარჩებოდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში როლანდ ბლადაძეს ჩამოერთვა და 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაეცა.
საქმეზე სასამართლო დავა წლებია მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლომ ქონება გიორგი პაპაუშვილის საკუთრებაში დატოვა. სწორედ პირველი ინსტანციის კოლეგიის გადაწყვტილებას ასაჩივრებს როლანდ ბლადაძე. სააპელაციო სასამართლო საქმეს უკვე 5 თვეა განიხილავს.





