ანი გუმბერიძე
აუდიტის სამსახური: ოპოზიციის ყველა კითხვას ერთი თვის ვადაში ვუპასუხებთ
პოლიტიკა

საკრებულო
ფოტო: ანი გუმბერიძე
საკრებულოს ოპოზიციისა და თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატების განცხადებით, მათ მიიღეს პირობა, რომ აუდიტის სამსახური, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, მათ მოთხოვნებს უპასუხებს.
თავად ბადრი გიორგაძე განმარტავს, რომ ნაზღაიძის საქმეს პროკურატურა სწავლობს და მერიის აუდიტის სამსახური უწყებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. კითხვაზე ჰქონდა თუ არა აუდიტის სამსახურს საკითხზე ინფორმაცია, უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ "მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმის კურსში ჩაყენებას. ეს არის ჩვეულებრივი ტიპური საკითხი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ახორციელებს საქმის შესწავლას, ჩვენ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება. ცალკე წარმოება არ მიმდინარეობს", - განაცხადა ბადრი გიორგიძემ.
საკრებულოს ოპოზიცია აუდიტის სამსახურს ასევე ნარმანიასა და მერიის თანამშრომლების მხრიდან კანონდარღვევების შესწავლას ითხოვს. კერძოდ, მათ აინტერესებთ, რატომ არ თანამშრომლობენ ისინი საკრებულოს დეპუტატებთან და რატომ არ მიდიან უწყებაში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ბადრი გიორგაძისგან აინტერესებდათ, თუ ჰქონდა მას ინფორმაცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს იყო კორუფციული გარიგება, რომლის შესწავლაც აუცილებელია.
მათი განცხადებით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რათა დაამტკიცონ ნატა ნაზღაიძისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონობა. ოპოზიცია საკრებულოში ნარმანიას მიუსვლელობასაც შეურაცხყოფად აფასებს.
"თბილისის მერი უნდა მოსულიყო, მან გააკეთა სრულიად აღმაშფოთებელი განცხადება, რომელიც არის ამომრჩევლის და საკუთარი თავის შეურაცხყოფა, თუ საერთოდ თავმოყვარეობა აქვს. ნარმანიამ თქვა, რომ ვერ ეღირსებით ჩემს მისვლასო, თუმცა ამას კანონი ავალდებულებს. მან ამით კიდევ ერთი მუჭა მიაყარა თავის პოლიტიკურ მომავალს და კიდევ ერთხელ დაისამარა თავი", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ოპოზიცია ნატა ნაზღაიძესა და დედაქალაქის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ნაზღაიძის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი, სავარაუდოდ, ქრთამის სახით არ მიუღია.





