ადვოკატი: დეკანოზის სახლიდან ამოღებული იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის
პოლიტიკა

მიხეილ რამიშვილი
დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული იარაღი ბრალდების მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
"ძველით ახალ წელს უთქვამს, პოლიციასთან პრობლემა მაქვს და არ მინდა, სახლში მქონდეს, შემინახეო. საქმის მოკვლევა დაწყებული იყო. როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთო. მიუტანა, კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა, თუ არაოფიციალურია, პოლიციას ჩააბარეო. ცოტა ხნით შენთან იყოს და მერე წავიღებო", - ამბობს რამიშვილი.
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





