imedi
არასამთავრობოები ევროსასამართლოს დროებითი შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივებას სთხოვენ
პოლიტიკა

29 არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიმართა.
ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში და, ასევე, მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე, მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.
მიმართვას ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ეთიკის ქარტია", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 3 მარტს შეხვდა და ერთობლივი განცხადების შემუშავება შესთავაზა.





