მარგველაშვილი: რატომ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, არგუმენტები არასდროს მოგვისმენია
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსიტუცია ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება.
"კონსტიტუცია არცერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და, მით უმეტეს, არცერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე. კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მქონდა პოზიცია, რომ მე, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ვყოფილიყავით კომისიის თანათავმჯდომარეები. მინდოდა, რომ პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება გახსნილი. როდესაც გაჟღერდა კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე საკითხი, ასეთი ცვლილება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ძირითადი თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის დროში" სტუმრობისას.
პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის შეცვლის მოტივაციის თაობაზე, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს კონსტიტუცია, საზოგადოებას არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, 7 წლის შემდეგ კი - არაპირდაპირით. ამის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე, არამედ საუბარია პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობს. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ამ განცხადებას არაკორექტული უწოდა და მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.





