საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნის ინიციატივას რუსეთში გამოეხმაურნენ
პოლიტიკა

მოსკოვი
რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ლტოლვილთა მიღების ცენტრის საქართველოში გახსნას ეხება. RIA-ს ცნობით, რუსი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ კურცმა ეს წინადადება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების სანაცვლოდ წამოაყენა. ამის შესახებ პუშკოვმა Twitter-ის მიკრობლოგზე დაწერა. „ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებაა ლტოლვილები ევროკავშირიდან საქართველოში გააგზავნონ. როგორც ჩანს, უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირს უარი უთხრას?“- კითხვას სვამს რუსი სენატორი.
Глава МИД Австрии предложил отправлять беженцев из ЕС в Грузию- видимо, в обмен на безвизовый режим. Интересно,сможет ли Грузия отказать ЕС?
— Алексей Пушков (@Alexey_Pushkov) March 5, 2017
ამ თემას გამოეხმაურა ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი. მისი თქმით, საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. "ეს ჯერჯერობით საქართველოს რეაქციის შემოწმებაა. თუმცა მალე შესაძლო ინიციატივას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს. როგორც ჩანს, ევროპამ გადაწყვიტა, მიგრანტთა კრიზისისგან გათავისუფლდეს,"-დასძინა კლინცევიჩმა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში სთავაზობს. ვრცელი ინტერვიუ ამ თემაზე სებასტიან კურცმა გამოცემა Bild-ს მისცა.
„ჩვენ გვჭირდება ასეთი ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც გაეროსთან კოორდინაციით იმუშავებენ. ისინი შეიძლება გაიხსნას საქართველოში, ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ საემიგრაციო კრიზისს განიცდის.





